LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხში ჯიხვის სატელიტური მონიტორინგი ხორციელდება

126
ჯიხვი

პირველად მსოფლიოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი ხორციელდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს შემდგომი დაკვირვების მიზნით.

მათივე ცნობით, პროექტი 2018 წლიდან დაიწყო და მისი პირველი ეტაპი, ტელემეტრიის საყელოების ჯიხვებზე შებმის ფაზა, წარმატებით დასრულდა.

„ჯიხვის ტელემეტრია მსოფლიოში პირველად ხორციელდება, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ჯიხვებზე და მათი ცხოვრების თავისებურებების შესწავლაში დაგვეხმარება. პროექტის შემდეგ ეტაპზე, საყელოებიდან მიღებული სიგნალების მონიტორინგისა და ინფორმაციის ანალიზი მოხდება.

აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის ძალისხმევით ხორციელდება, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები