საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონში სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები მხოლოდ იმ გარემოთი, რაც შეიქმნა.
როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქო იქნება პირველი ვინც ხმას ამოიღებს, თუკი ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოვლინდება.
„კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა კომისია. კომისია ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩამოვიდა. ტელევიზიებით რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგი მათგანი მაშინვე ეჭვს იწვევდა, ზოგი მათგანი საჭიროებდა გადამოწმებას. ამისთვის ჩამოვედით, ადგილზე ვნახეთ ბავშვები, დაველაპარაკეთ. ამ წუთას ბავშთა სახლში სოცმუშაკები არიან – ხუთი თუ ექვსი ადამიანია. არიან ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები, არიან პარლამენტის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. მიდის პროცესი, რომ გარემოებები შევისწავლოთ. ამჯერად, ამ დროისთვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა. ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა – აჟიოტაჟით, მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც, მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ რაიმე ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები. სხვა ინფორმაცია, რაც აქამდე გავიდა, აღძრული საქმეების შესახებ თუ უფლებების დარღვევის შესახებ, ამის მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, კვლევა და უახლოეს პერიოდში, ალბათ, იმედი არის , რომ მეტი ნათელი მოეფინება ამ განცხადებებს, რაც აქამდე იყო გაკეთებული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.