აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. პირველი, თუმცა ჯერ არ იციან პირველი და ბოლოც თუ მეორეც მოჰყვება. გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“-ს წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა სწორედ ამ თემაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება და დეტალურად ისაუბრა დებატების მიმდენარეობაზე.
ამავე დროს ის შეეხო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ლონდონში ვიზიტს, საიდანაც ბრიტანელ კოლეგასთან ერთად კიევში ჩავიდნენ. დიდი ბრიტანეთი და აშშ უკრაინას ნებართვას აძლევენ, რომ მათი წარმოების შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
ამასთან, სომხეთმა ოფიციალურად დაიწყო ევროპასთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა.
„მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო პირველ დებატზე, რომელიც გაიმართა აშშ-ს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისს და ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის. დებატები ყოველთვის განსაზღვრას და როლს თამაშობს, მაგრამ არა გადამწყვეტს. შესაძლოა ამ დებატებმა არ ითამაშა ასეთი როლი, რადგან საყოველთაო შეფასებით, ცალ მხარეს გადამწყვეტი გარღვევა არ ყოფილა.
იყო სერიოზული განხილვა და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებდა კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან პოლიტიკის საკითხებზე – ეკონომიკური, საგარეო, ჯადაცვის, სოციალური პოლიტიკის – კვალიფიციურად დებატების გამართვას და საკუთარი პოზიციებისა და ხედვების ჩამოყალიბებას.
დებატები ვერ აუვლიდა გვერდს ისეთ საკითხებს როგორიცაა ქალთა უფლებები, აბორტების უფლება. ეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი თემაა.
წამყვანი მედიასაშუალებებისა და ექსპერტების შეფასებებით, კამალა ჰარისი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, უკეთ მუშაობდა პუბლიკაზე. საუბრის დროს იხედებოდა იმ კამერისკენ, რომელიც მიმართავდა ამერიკელ ამომრჩეველს, ხოლო როდესაც ტრამპი საუბრობდა, ის უყურებდა ტრამპს. თავის მხრივ დონალდ ტრამპი ძირითადად თვალს არიდებდა და უფრო თავდაცვაში იყო.
საგარეო პოლიტიკა, რა თქმა იყო, უმნიშვნელოვანესი თემაა. ტრამპი აცხადებს, რომ ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, ვეღარ ავცდებით მესამე მსოფლიო ომს. მას არ აღიქვამენ სერიოზულად. ამას ტრამპი ამბობდა ჰარისზე, კონკრეტულად პუტინთან, სი ძინპინთან და ჩრდ კორეის ლიდერთან მიმართებით ამბობდა. პასუხად ჰარისი აცხადებდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ტრამპს არასერიოზულად უყურებენ, დასცინიან და ხუმრობენ, ხოლო სამხედროები, რომლებიც ტრამპთან მუშაობდნენ, ამბობენ, ის იყო ქვეყნის არასახარბიელო და სამარცხვინო პრეზიდენტი.
ჰარისი დარწმუნებულია, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ტრამპმა ჩამოაყალიბა, რომ მისი მიზანია ომის გაჩერებაა. ის იცნობს ორივეს, პუტინს და ზელენსკის, შეძლებს დაელაპარაკოს და გამოიყენოს საკუთარი ავტორიტეტი. პუტინი და ზელენსკი მას პოზიტიურად იცნობენ და შეეძლება ომი დაასრულოს.
ჰარისმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს დახმარების გასაგრძელებლად, ხოლო ტრამპი დაადანაშაულა, რომ დიქტატორებთან, ტერორისტებთან, ავტოკრატ ლიდერებთან საერთო ენას ადვილად პოულობს და მარტივად ექცევა მათი მანიპულაციისა და ზემოქმედების ქვეშ.
ისრაელთან დაკავშირებით კამალა ჰარისს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია და დააფიქსირა კიდეც. მისი თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აცნობიერებს როგორი მძიმე მდგომარეობაა ღაზის სექტორში. ამიტომ მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა შეთანხმდეს და დაიწყოს მოლაპარკებები პალესტინის სტატუსზე.
რომ შევაჯამოთ, წამყვანი გამოცემების შეფასებებით, უკეთესად გამოიყურებოდა და უკეთეს ფორმაში იყო კამალა ჰარისი. თუმცა ყველა თანხმდება, რომ რამდენად შეძლეს ახალი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მომხრობა, ეს ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ორივემ შეინარჩუნა მყარი ამომრჩეველი.
კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მზად არის მეორე დებატებისთვისაც. ტრამპს არ დაუფიქსირებია პოზიცია. თავად აცხადებს, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო დებატები, მაგრამ არ საუბრობს არის თუ არა შესაძლებელი მეორე რაუნდის ჩატარება“.