LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ეთერი არასდროს მავიწყდება.. 26 წლის წინ გაიღო ჯადოსნური სტუდიის კარი, ეს არის უნიკალური ადგილი – შენ ხარ ხმა რადიოდან“ – რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამყვანები კოლეგებს ქართული რადიოს დღეს ულოცავენ

627
ქართული რადიოს დღე

დღეს ქართული რადიოს დღე აღინიშნება – პირველმა ქართულმა რადიომ 99 წლის წინ, სწორედ 1925 წლის 23 მაისს დაიწყო მაუწყებლობა.

ქართული რადიოს დღეს მიეძღვნა „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველამდე“, რომელსაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამყვანები – გიგა ბატკუაშვილი, მარიდეა გელაშვილი და გვანცა კილასონია სტუმრობდნენ.

გვანცა კილასონია, რომელიც რადიო „ფორტუნას“ საეთერო სტუდიიდან მსმენელს პირველად 26 წლის წინ მიესალმა, ამბობს, რომ რადიო არის უნიკალური ადგილი და სკოლა მათთვის, ვისაც უნდა, რომ ტელეჟურნალისტიკაში იყოს.

„წელს 26 წელი სრულდება, რაც რადიო „ფორტუნაში“ მივედი, მაშინ გაიღო ჯადოსნური სტუდიის კარი, მიკროფონთან პირველი შეხება მქონდა.

ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლია დააპატენტო შენი ხმა – დღემდე მეკითხებიან: „ის გვანცა კილასონია ხარ რადიოდან“? მას შემდეგ წლები გავიდა, მოვიარე რადიო, ბევრი ტელევიზია, თუმცა, როდესაც შენს თავს დაუსვამ კითხვას, ვინ ხარ? ხარ ხმა რადიოდან.

რადიო გაძლევს უნიკალურ შანსს, იყო კონცენტრირებული საკუთარ მეტყველებაზე. რადიო არის ყველაზე კარგი სკოლა მათთვის, ვისაც უნდა, რომ იყოს ტელეჟურნალისტიკაში“, – აღნიშნა გვანცა კილასონიამ.

რადიოსთან დაკავშირებულ ემოციებზე ისაუბრა „ფორტუნა პლიუსის“ წამყვანმა, გიგა ბატკუაშვილმაც და კოლეგებს ქართული რადიოს დღე მიულოცა:

„რადიოში მუშაობა 13 წლის ასაკში დავიწყე, უკვე 25 წელზე მეტია, რაც რადიოში ვარ. მახსოვს ის ემოცია, როდესაც „ფორტუნა პლიუსში“ ფეხი შევდგი. თანამედროვეობა, პულტი, განსხვავებული პროგრამა, ეს იყო სიახლე. მეგონა, რომ სამოთხეში მოვხვდი.. ამ დროს შენ რჩები საკუთარ თავთან აბსოლუტურად მარტო, შენ ხარ მმართველი…

ემოციას რაც შეეხება, წნევამ ამიწია, პირველი ეთერი არასდროს მავიწყდება. ყველა გისმენს, გაკრიტიკებს, ამ დროს ყველაფერი შენს ხმაზეა დამოკიდებული.

ჩვენს ყველა კოლეგს ვულოცავთ ქართული რადიოს დღეს“, – ამბობს გიგა ბატკუაშვილი.

რადიოს შესახებ ისაუბრა მარიდეა გელაშვილმაც, რომელიც უკვე მეშვიდე წელია, რადიო „ფორტუნას“ წამყვანია:

„ფორტუნას“ ყოველთვის ვუსმენდი, ეს იყო ჩემი ფავორიტი რადიო. არასდროს წარმომიდგენია, რომ შეიძლებოდა, ერთ დღეს რადიო „ფორტუნას“ კარი შემეღო, დამეჭირა წითელი ღილაკისთვის ხელი და ეთერში გავსულიყავი.

15 წელზე მეტია, რაც რადიოში ვარ – მანამდე რამდენიმე რადიოში ვმუშაობდი, მეშვიდე წელია, რაც რადიო „ფორტუნაში“ ვარ. როგორც ამბობენ ხოლმე, რადიოთი „მოვიწამლე“.

„ფორტუნა“ ჩემთვის განსაკუთრებულია. ის ჩემი ბავშვობის რადიო იყო და ყოველთვის მისი ერთგული მსმენელი ვიყავი“, – აღნიშნა მარიდეა გელაშვილმა.

📻 ქართული რადიოს დღე 👤 გვანცა კილასონია 👤 გიგა ბატკუაშვილი – რადიო „ფორტუნა პლუსის“ წამყვანი 👤 მარიდეა გელაშვილი – რადიო „ფორტუნას“ წამყვანი

Posted by პირველამდე on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024
magti 5g