საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დასრულდა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს იონოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ტექნოპარკი, ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისთვის და მალე ის ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მზად იქნება პირველი ნაბიჯები გადადგას საკუთარი იდეის რეალურ ბიზნესად გადაქცევისაკენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები დადამატებით მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები.
ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელადხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.ტექნოლოგიური პარკი თბილისში, ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩაზე 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე მდებარეობს.
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსადა ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.
ორგანიზაციის ცნობით, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.