ვარსკვლავების მორიგი კონფლიქტის მიზეზად ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოწყობილი პრესკონფერენცია იქცა, სადაც ლედი გაგამ რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა: „ოთახში 100 ადამიანი შეიძლება იყოს, რომელთაგან 99-ს თქვენი არ სჯერა. თუმცა საკმარისია ერთის შეფასება და თქვენი ცხოვრებაც კარდინალურად შეიცვლება…“ – ყურადღებიან მსმენელს ფილოსოფიური ნააზრევი ნაცნობად მოეჩვენა, ეჭვი კი, მადონამ გაამყარა, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარი ციტატა გამოქვეყნება 1990-იანი წლების ერთ-ერთი ინტერვიუდან: „თუ ოთახში 100 ადამიანია და 99 ამბობს, რომ ძალიან მოეწონა, მე მხოლოდ მას დავიმახსოვრებ, ვისაც მსგავსი არაფერი უთქვამს“. რა თქმა უნდა, პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა და ომიც მადონას თაყვანისმცემლებს და ლედი გაგას „პატარა მონსტრებს“ შორის ისევ განახლდა.
კონფლიქტი პოპ-დედოფლებს შორის 2012 წელს დაიწყო, როცა მადონამ საჯაროდ დასდო ბრალი კოლეგას პლაგიატში, მის სიმღერას Born This Way კი, მეორეხარისხოვანი უწოდა. პასუხი გაგამ 2016 წელს გასცა, როცა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მადონასგან ძალიან განსხვავდება, რადგან რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს, ყოველდღიურად საათობით მუშაობს სტუდიაში და თავად ქმნის მუსიკას, ერთდროულად პროდიუსერიცაა, მწერალიც და ყველაფერს, რასაც აკეთებს მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი საქმიანობისგან.
კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, მუსიკოსები არც კომპლიმენტებს იშურებენ ერთმანეთისთვის. 2012 წელს მადონა სიყვარულში გამოუტყდა კოლეგას, გაგამ კი, 2017 წელს უპასუხა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში და აღნიშნა, რომ მის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც აღფრთოვანებულია მადონათი.