საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ორივე შეხვედრა კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
„საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ. საპასუხო შეხვედრა 4 დეკემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება.
მეორე შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ქუთაისელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა, შოთა ბაბუნაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მეტოქის კარი აიღო. მასპინძლებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში მოახერხეს, 64-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა. გაშვებულმა ორმა გოლმა ბათუმელები არ მოადუნა და 72-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა. წყვილის საპასუხო შეხვედრა ასევე 4 დეკემბერს გაიმართება, მატჩს ქობულეთის „ჩელე არენა“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩებში ბოლნისის „სიონი“ ქობულეთს „შუქურას“ უმასპინძლებს, ლანჩხუთის „გურია“ კი, გორის „დილას“.
საბურთალო – დინამო თბ 0:0
ტორპედო – დინამო ბთ 2:1
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (პენ) (28), 2:0 ქიმაძე (64), 2:1 შონია (72)