LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოეტები თბილისის ქუჩებიდან” – თბილისის საკრებულო ახალ პროექტს იწყებს

221
ტერენტი

“პოეტები თბილისის ქუჩებიდან”- თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ცნობილი ქართველი მწერლების საცხოვრებელი მისამართების მოძიება და იმ ეპოქის გაცოცხლებაა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოება მწერლების ცხოვრებიდან აქამდე უცნობ მასალებს გაეცნობა.

“ტერენტი, როგორც მხატვარი” – სწორედ ამ სახელწოდების იქნება პროექტის პირველი ღონისძიება, რომელიც 22 ივნისს გაიმართება და ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს პოეტ ტერენტი გრანელის აქამდე უცნობ მხარეს წარმოუდგენს – ღონისძიება  ტერენტი გრანელის მხატვრობას მიეძღვნება.

პროექტის მიზნებზე რადიო “ფორტუნას” ეთერში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა:

“ღონისძიება ჩატარდება ჩუღურეთის რაიონში, გიორგი მაზნიაშვილის 31 ნომერში, მრავალბინიანი სახლის სარდაფში, სადაც პოეტი 1925-1931 წლებში ცხოვრობდა.

წარმოდგენილი იქნება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი, გრაფიკული ნამუშევარი და მინიატურული ესკიზი. სულ წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში მოძიებული ტერენტი გრანელის 40-მდე გრაფიკული ნამუშევარი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პოეზიის საღამო. პოეტის შემოქმედებას გააცოცხლებენ სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობები და თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.” – განაცხადა თინათინ იბლოშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მწერლის ცხოვრებილეულ ამბებს მისი დისშვილი, პროფესორი, მამანტი როგავა გაიხსენებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილისა და ირაკლი თოიძის მიერ შექმნილი ტერენტი გრანელის პორტრეტები.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს დეპუტატები, მოსწავლეები, ტერენტი გრანელის მკვლევარები, მხატვარი რეზო ადამია და მრავალბინიანი ეზოს მაცხოვრებლები.

როგორც თინათინ იბლოშვილმა “ფორტუნასთან” აღნიშნა, პროექტი ამ ღონისძიებით არ სრულდება და გაგრძელდება თბილისის სხვადასხვა ეზოში, იქ, სადაც ქართველი ბუმბერაზი პოეტები ცხოვრობდნენ.

თინათინ იბლოშვილის თქმით, მოიძიეს ქართველი მწერლების საცხოვრებელი მისამართები და აპირებენ, შეძლებისდაგვარად, ბევრ ეზოში მივიდნენ და თანამოქალაქეებს მწერლები განსხვავეული კუთხით წარმოუდგინონ.

magti 5g