LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტი ქეთევან სულაქველიძე ახალი კრებულიდან შემოსული თანხით სოფო იაშვილს დაეხმარება

631
Untitled design (1)

პოეტი ქეთევან სულაქველიძე ახალი პროექტით ,,არტ FM”-ს სტუმრობდა. ქეთევანმა მისი ახალი წიგნის შესახებ ისაუბრა, ასევე დასძინა, რომ მისი კრებულის გაყიდვიდან შემოსული თანხით სოფო იაშვილს დაეხმარება, რომელიც ავარიაში მოყვა და დახმარება სჭირდება.

– ქეთევან, როგორია კოვიდ-ეპოქაში პრეზენტაციის მოწყობა, როდესაც მკითხველს პირდაპირ ვერ ხედავ? როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?

– პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. რაც შეეხება პრეზენტაციას, მკითხველის ემოციას მაინც ვგრძნობ. რასაკვირველია არა მხოლოდ პრეზენტაცია, არამედ ცხოვრებაში ყველაფერი “ლაივში” ჯობია, თუმცა რას ვიზამთ, ცხოვრებამ ასე მოიტანა. მეც მოვერგე არსებულ რეალობას. წიგნის პრეზენტაცია ვიწრო წრისათვის მოვაწყვე, გავაზიარე ჩემს პირად კედელზე ჩემი მეგობრებისათვის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს, რისთვისაც ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა.

სოფო იაშვილი მძიმე მდგომარეობაშია: 13 წლის შვილი მის გამოჯანმრთელებას ელოდება

– მოდით, ვისაუბროთ სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც |ძალიან ორიგინალურია. ყველა პოეტს თავისებური ხედვა და დამოკიდებულება აქვს თავისი ნაწარმოების სახელთან დაკავშირებით…

– პირველ წიგნს ცოტა არასერიოზული სათაური აქვს, ამიტომ მოდით მეორეზე ვისაუბროთ, რომელიც ახლახანს დაიბადა. Waiting for nothing ნიშნავს იმას, რომ არაფერს ელი და რაც იქნება, იქნება… ეს არის მდგომარეობა, როცა აღარც ღელავ, აღარც შფოთავ და რაც იქნება იქნება, და კარგი ამბები სწორედ ამ დროს ხდება.

თუმცა მინდა ერთი ცუდი ამბავი გავაჟღერო, ჩვენს მეგობარს, სოფო იაშვილს, რომელიც ავარიაში მოყვა, ესაჭიროება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. მე რაც შემიძლია, ეს არის გავყიდო სოფოსთვის კრებული, რომელიც არასდროს გამიყიდია. მე არასდროს გამიყიდია არც პირველი და არც მეორე კრებული, თუმცა სოფოს დახმარება სჭირდება და ყველას შეუძლია შეიძინოს ჩემი კრებულები იმდენად, რამდენის გადახდაც შეუძლია. ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებული როგორ გავყიდოთ წიგნები ისე, რომ ყველაფერი კანონიერად იყოს. “ფეისბუქზე” ჯგუფში “ერთად სოფო იაშვილისთვის” მალე განვათავსებ ინფორმაციას ამის შესახებ. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სოფოს დასახმარებლად. ის გერმანიაში უნდა გადაიყვანონ. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მთავარია, რომ იმედი არის…

– დაგვიტოვეთ საჩუქარი სანამ დაგვემშვიდობებით…

– წლის მთავარი დღესასწაული, შობა ახლოვდება, სიხარულის მოლოდინში ვართ  და მინდა საშობაო ლექსით დაგასაჩუქროთ… მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

“საშობაო”

“სიყვარული გაიფრქვევა ჰაერში,

ანგელოზთა იუწყება გალობა,

რომ სხივებით მოქარგული კალთიდან

ღვთისმშობელი დაიფერთხავს წყალობას…

ვარსკვლავები უმატებენ კაშკაშს,

მზე იცინის, მთვარე გაიბადრება,

ასე ხდება ქვეყანაზე მაშინ,

როცა გულში ქრისტე დაიბადება”…

ქრისტეს დაბადებით იწყება სამყაროში ყველაფერი კარგი, ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს… პირადად თქვენ კი დიდი მადლობა, რომ ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევით…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g