შვედეთის ქალაქ მალმეში პოლიციამ 12 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის შესრულებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ The Daily Star იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა ავტომობილს ესროლა. როგორც დადგინდა, 12 წლის მკვლელს კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაცია უნდა აღესრულებინა, 250 ათასი შვედური კრონის სანაცვლოდ, თუმცა შეცდომა დაუშვა და სხვა პირს ესროლა. შედეგად დაიღუპა 21 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ ავტომობილში, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებული მალმეში სპეციალურად ჩავიდა დანაშაულის ჩასადენად და სავარაუდოდ, ეს მისი პირველი „შეკვეთა“ არ ყოფილა. ბიჭი ითვლება შვედეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ეჭვმიტანილად, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ მკვლელობას უკავშირებენ.
მოზარდი პოლიციამ სამშაბათს დააკავა, თუმცა ასაკის გამო მისი წინასწარ პატიმრობაში მოთავსება შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შვედეთში შეინიშნება ბანდების მიერ ინიციირებული ძალადობის ზრდა, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები არასრულწლოვნებს სულ უფრო ხშირად იყენებენ.
