“ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.” – სახალხო დამცველი სოფელ გუმათთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო დაუყოვნებლივ შესთავაზოს.
როგორც ნინო ლომჯარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხები არ იქნება გაცემული:
“4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:
– ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;
– დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;
– დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;
– პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;
– ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე.” – წერს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, სოფელ გუმათთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქტივისტებმა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის “ენკას” ერთ-ერთი ბაზისკენ აქცია-მსვლელობა გამართეს.
გუშინ კი პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. როგორც უწყებაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.