5-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, ლექტორის კარიერას დაბრუნებულ გიორგი მაგველაშვილზე „როიტერი“ წერს.
“ფორტუნა“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
დუშეთში, საკუთარ სახლთან აშენებული კოტეჯი 49 წლის პრეზიდენტმა შემოსავლის წყაროდ აქცია.
„ეს საკმაოდ ემოციურია. სტუმრები გვეუბნებიან, როგორ მოეწონათ სახლი, ჩემი დამზადებული რაღაც, როგორ აღფრთოვანდნენ ხედით… ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია“, – ამბობს მარგველაშვილი „როიტერთან“ ინტერვიუში.
80 დოლარი ერთ დღე-ღამეში - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კოტეჯს აქირავებს
დუშეთში, პრეზიდენტის სახლის ეზოში მდებარე კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს.
პრეზიდენტი, რომელსაც პენსია არ აქვს (პრეზიდენტებს პენსია ენიშნებათ მხოლოდ გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში) გაქირავების ბიზნესთან ერთად, ხელოსნობასაც დაუბრუნდა. ის ავეჯს და სხვა ნივთებს ამზადებს, რომელთაგან ნაწილს გასაქირავებელი კოტეჯის გასაფორმებლად იყენებს. ამავე კოტეჯის ნივთების უმეტესობა, მისი მეუღლის მაკა ჩიჩუას გაფორმებულია.
ყოფილმა პრეზიდენტმა, კოტეჯის გაქირავება დაახლოებით, 2 თვის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მათ კოტეჯში ათობით ადამიანი დარჩა. ქართველმა სტუმრებმა იციან, რომ ის პრეზიდენტი იყო, უცხოელი ტურისტებისთვის კი ეს სიურპრიზია.
„ჩემი პოლიტიკიდან წასვლა არის გზა, შეიქმნას პრეცენდენტი ამ ქვეყანაში და გაიგონ, რომ პოლიტიკის გარდა სხვა ცხოვრებაც არსებობს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
**
მარგველაშვილი სამომავლოდ კიდევ ერთ პატარა ბიზნესს იწყებს. ის ცხენების გაქირავებასაც აპირებს.
კითხვაზე, ენატრება თუ არა პრეზიდენტობის პერიოდი, ის ცალსახად ამბობს, რომ არა.
„ეს ძალიან ინტენსიური ხუთი წელი იყო. ახლა მარტივი და მშვიდი ცხოვრებით ვიღებ სიამოვნებას“, – ამბობს მარგველაშვილი.