ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სერგეენკოს კრიტიკა განხილვის თემა გახდა.
თენგიზ ცერცვაძემ ყოფილი მინისტრის მისამართით დასვა კითხვა, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას?
ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ვარაუდობს, რომ ცერცვაძის კრიტიკის შემდეგ სერგეენკოს უკან გაიწვევენ.
ხელისუფლება „სამი მუშკეტერიდან“ ერთ-ერთის განაწყენებას, რასაკვირველია, მოერიდება. მეორეს მხრივ, საბურთალოს რაიონში კანდიდატი უკვე დასახელებულია.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ამის გასარკვევად „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბუნდოვანია შეელევა თუ არა „ოცნება“ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს.
ცერცვაძემ სერგეენკოს ძველი შეცდომები გაუხსენა, კრიტიკას რა შეიძლება მოჰყვეს?
მიმაჩნია, რომ ცერცვაძე წესიერი ადამიანია. მან უყურა სერგეენკოს გამოსვლას, სადაც ის საკუთარ მიღწევებზე საუბრობდა და ჩათვალა, რომ მისი გამოსვლა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. შესაბამისად მან შეახსენა ყოფილი ცოდვები. არ მგონია, რომ ამას საფუძვლად პოლიტიკურ კონტექსტს უდებდა. მაგრამ სერგეენკო დღეს არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ინტრიგა გაჩნდა. იმიტომ რომ ცერცვაძე კორონავირუსთან ბრძოლაში დღეს ძალიან პოპულარული ფიგურაა. გასაგებია, რომ სერგეენკო „ოცნების“ კანდიდატია და მასაც აქვს თავისი აქტივი C ჰეპატიტთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ვაკვირდებით პოლიტიკურ ბრძოლას კორონასა და ჰეპატიტს შორის. კორონა აჯობებს, თუ ჰეპატიტი ამას მომავალი აჩვენებს.
შესაძლებელია, რომ „ოცნება“ სერგეენკოს შეელიოს?
როგორც პოლიტიკური ცხოვრება აჩვენებს, „ოცნება“ კორონათი უფრო სარგებლობს, ვიდრე ჰეპატიტით, მაგრამ ჰეპატიტიც არ არის უმნიშვნელო. ასე რომ, ჩემთვის უცნობი და ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რომელი დაავადებაა მათთვის „სასარგებლო“.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ცერცვაძეს სერგეენკოს კრიტიკა ახალი კლინიკის ფასად არ დაუჯდება.
„ოცნება“ შეცვლის მაჟორიტარ კანდიდატს საბურთალოზე?
ცერცვაძის განცხადებაში არ იყო გადატანილი ყურადღება მის დეპუტატობაზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამოტივტივდა პიროვნება და ცერცვაძემ გაუხსენა ის, რაც აქვს სასაყვედურო. და ის, რაც აქვს სასაყვედურო, ამ მიმართულებით „ოცნებამ“ უკვე გადადგა ნაბიჯი, როდესაც გიორგი გახარიამ და მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება და 40 მილიონი ლარი გამოყო ინფექციური საავადმყოფოსთვის. სერგეენკო არ მგონია ისეთი პიროვნება იყოს, რომ ამ კრიტიკის გამო მომავალში რაიმე გართულებები შეხვდეს ამ ცენტრს. იმიტომ რომ თვითონ სერგეენკო იყო ვინც აღნიშნა, რომ ამ „სამი ფიგურის მუშაობა შეუდარებელია და ვერც მე და ვერც ვერავინ იმას ვერ გავაკეთებდით, რაც მათ გააკეთესო“.
ფიქრობთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს აღნიშნული კრიტიკა ახალი კლინიკის ფასად არ დაუჯდება?
ზუსტად ამას ვფიქრობ. გამოყოფილი 40 მილიონი ახალი კლინიკის ასაშენებლად საკმარისი რომ არ იყოს, გამოიყოფა დამატებით სხვა თანხებიც. უნდა წავიდნენ გზით, რომ მოგვარდეს პრობლემა და ვინც კლინიკის აქამდე მოტანამდე რაიმე დააშავა, იმას ახლა არ უნდა მოეთხოვოს. საამისოდ მომავალში დიდი დროა.
ფიქრობთ, რომ მაშინაც მოეთხოვება, თუ ის საბურთალოს მაჟორიტარი გახდება?
მაშინ მოეთხოვება პასუხი, როგორც მაჟორიტარს. საპასუხო ბევრია. სერგეენკო რომ იყოს ფიგურა, რომელსაც სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა კლინიკის დაბლოკვისა, მაშინ სხვანაირი საუბარი იქნებოდა, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ სერგეენკო ძლიერი კანდიდატურაა სწორედ იმიტომ, რომ მან ის რეფორმები გაატარა ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებას შეეხო და ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ასე რომ მას თავის პლუსებიც აქვს და თავის პრობლემური მომენტებიც, რომელიც ვერ დაძლია.
შეგახსენებთ, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, დავით სერგეენკო 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი გახდა და მას ეს თანამდებობა 2019 წლამდე ეკავა.
2019 წლიდან დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლია.