LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში 27 წლის ნეპალელი ბიჭის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

176
პოლონეთის პოლიცია

პოლონეთის ქალაქ სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს 28 წლის ნეპალელი მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა.

პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა კვირას, ღამით, წვეულების დროს, ქალაქ სლუპსკში, კოლტაიას ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში მოხდა.

ქართველმა ეჭვმიტანილმა 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამავე ცნობებით, მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის ბრალდებით ორი უკრაინელი ქალიც დააკავეს, რომლებმაც დანაშაულის იარაღის – დანის გადაგდება სცადეს.

დაკავებულ ქართველს 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ქალებს 3 თვიდან 5 წლამდე.

სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს საქართველოს მოქალაქის 3 თვით დროებით დაკავების შესახებ მიმართა. ამასთან, პროკურატურა უკრაინელი ქალების პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნასა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას ითხოვს.