კალიფორნიულმა აუქციონის სახლმა Gooding & Company რბოლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამი სპორტქარი გამოფინა. მთავარი ლოტი კი ბოლო თაობის 935 გახდება და მისი საწყისი ღირებულება 3 მილიონი დოლარია.
1979 წელს „პორშემ“ 935-ის 7 ეგზემპლარი შექმნა. აუქციონზე გამოტანილი მოდელი კი Los Angeles Times-ის მთავარ რედაქტორს ეკუთვნოდა. მოგვიანებით სპორტქარი გაიყიდა და ის ცნობილმა გერმანელმა კოლექციონერმა შეიძინა. ლეგენდარული ავტომობილი სრულიად განაახლა და ფერის შეცვლით ვიზუალი გაუცოცხლა.

აუქციონის ლოტებს შორისაა ასევე „ლე-მანის“ მონაწილე Porsche 962C. სპორტული პროტოტიპი კერძო კომპანიის Kremer Racing-ის მიერაა აწყობილი და მის სავარაუდო ღირებულებად 1-1,25 მილიონი დოლარი სახელდება.

და ბოლოს, მესამე ავტომობილი 1973 წლის Porsche 911 Carrera 2.7 RS Lightweight-ია. ავტომობილი თავის დროზე 200 ეგზემპლარად გამოვიდა და მისი ფასი 1-1,2 მილიონი დოლარი იქნება.

