„პორშემ“ 2020 წელი შეაჯამა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ რეკორდული 4,4 მილიარდი ევრო გამოიმუშავა და Volkswagen Group–ის კონცერნის ყველაზე წარმატებული ბრენდი გახდა. ტრადიციის მიხედვით, მოგების ნაწილი თანამშრომელთა პრემიებს მოხმარდება, „პორშე“ თითოეულ დასაქმებულს მინიმუმ 7850 ევროს გადასცემს.
გასულ წელს ბრენდმა თანამშრომლებს სთხოვა, რომ ბონუსი – 9750 ევრო კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაერიცხათ. მართალია, პანდემია ჯერ ისევ არ დასრულებულა, თუმცა 2020 წლის მოგების დახარჯვა „პორშეს“ გუნდის წევრებს საკუთარი სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
მიუხედავად გაზაფხულზე გაჩერებული ქარხნებისა და ეკონომიკური კრიზისისა, „პორშემ“ ერთი წლის განმავლობაში 272 ათასი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც მხოლოდ 3%–ით უფრო ნაკლებია რეკორდულ 2019 წელთან შედარებით.
საინტერესოა, რომ 2020 წელს „პორშეს“ ყველაზე პოპულარული მოდელი Cayenne იყო.
2021 წელს წარმოების შეჩერება არ იგეგმება, ამიტომ „პორშეს“ ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ გაყიდული ავტომობილების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყაროს.
