LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოტერია“ – სოციალური საწარმო, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს ასაქმებს: „მათთვის განსაკუთრებით პრობლემატურია  ახალი სამსახური“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

22
პოტერია

სოციალური საწარმო „პოტერია“ 2018 წელს დაარსდა.

ის კერამიკის ნივთებს აწარმოებს. „პოტერიას“ შექმნის იდეა უკავშირდება დამფუძნებელთა სურვილს, შეინარჩუნონ ქართული ტრადიციული რეწვის დარგის – თიხისა და კერამიკის დამუშავების ტექნიკა და პოპულარიზაცია გაუწიონ მას.

დამატებით, გუნდმა მიზნად დაისახა, იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე, რომელთა კერამიკის წარმოებაში ჩართულობასაც ორმაგი დადებითი შედეგი აქვს – პროფესიული გადამზადება-დასაქმება და არტ-თერაპიული ეფექტი, რაც თიხასთან საქმიანობას ახლავს თან.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მედეა კევლიშვილი – „პოტერიას“ დამფუძნებელი საუბრობს. 

მედეა, პირველ რიგში გვიამბეთ თქვენთან დასაქმებული ქალების შესახებ. ვახსენე, რომ კანონთან კონფლიქტში შეიძლება, იყვნენ. მსჯავრდებულები არიან, თუ ყოფილი პატიმრები?

– ჩვენი სოციალური საწარმო ძირითადად ქალებს ასაქმებს და აძლიერებს, განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფებს. ასევე ასაქმებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მარტოხელა დედებს და ა.შ.

მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე არ ვართ ორიენტირებული. თუმცა თავიდან, როცა „პოტერია“ გავხსენით, ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები. ეს თემა განსაკუთრებულადაა სტიგმატიზირებული. მათთვის განსაკუთრებით პრობლემატურია  ახალი სამსახური, თუნდაც ახალი პროფესიის ძიება და ამიტომ ძირითადად მათზე ვიყავით ორიენტირებულები.

უკვე ოთხი წელია, ჩვენთან დასაქმებულია ქალი, რომელმაც ჩვენთან ისწავლა ხელობა და დღესდღეობით ჩვენი პროდუქციის 80 %-ს ეს ქალბატონი  ხელით აკეთებს.

ამ ეტაპისთვის ჩვენთან დასაქმებულია უკრაინიდან ორი ლტოლვილი ქალი, ასევე სხვადასხვა საჭიროების ქალები, პენსიონერები და ა.შ.

– ამ ეტაპზე სულ რამდენი დასაქმებული გყავთ?

-10 ქალბატონი მუშაობს ჩვენთან.

– რა ტიპის პროდუქცია გაქვთ და სად ყიდით თქვენს პროდუქციას?

– კერამიკის სახელოსნო ვართ და ხელნაკეთ სარეკლამო ნივთებს ვაწარმოებს. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქალების გაძლიერება, მაგრამ ასევე ვფიქრობთ ქართული ტრადიციული რეწვის კულტურის წარმოჩენაზე.

სუვენირებს, დოქებსა და ქვევრებს ვეფხისტყაოსნის ან სახარების დეტალებით ვამკობთ ხოლმე.

პროდუქტს საზღვარგარეთ ვუშვებთ. საელჩოები არიან ჩვენი ძირითადი შემსყიდველები და ამ გზით ხდება ჩვენი ტრადიციული კულტურის გაცნობა მსოფლიოსთვის.

თუმცა ჩვენ თანამედროვე პროდუქციასაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. მაღაზიაც გვაქვს, სადაც ერთობლივი ნამუშევრის რეალიზაცია ხდება.

ვმუშაობთ კორპორატიული მიმართულებით. რვა მარტს, აღდგომას და სხვა დღესასწაულებზე ძალიან ბევრი შეკვეთები გვაქვს. სხვადასხვა ბაზარზე წარმატებით ვოპერირებთ.

– ორ კარგ საქმეს ემსახურებით. სოციალური მიმართულება და ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია.

ის, რაც თქვენ წარმოებისთვის გჭირდებათ, ადგილზე ყიდულობთ?

– ადგილზეც ვყიდულობთ, თუმცა საქართველოში თეთრი თიხა არ გვაქვს წარმოებაში. ჩვენ კი თეთრი კერამიკა გვჭირდება, ამიტომ პროდუქტები  სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

თუმცა ქართულ ტრადიციულ თიხასაც ვიყენებთ.

– გაქვთ თუ არა საწარმოსა და გასაღების ბაზრის გაფართოების გეგმები?

– ძალიან დიდი გეგმები გვაქვს წლიდან წლამდე, რასაც საკმაოდ წარმატებით ვახორციელებთ ხოლმე. ძალიან გვინდა, რომ სახელოსნო გავაკეთოთ.

პანდემიის შემდეგ მოთხოვნადი გახდა თიხაზე მუშაობა. დიდი შრომა სჭირდება თიხაზე მუშაობას, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ისეთი სახელოსნო გავაკეთოთ, სადაც იქნება ფსიქოსოციალური მიმართულებაც და შესაძლებელი იქნება, ბევრი ადამიანი მოვიდეს.

– ბავშვებისთვის ხომ არ გაქვთ მასტერკლასები?

– რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც გვაქვს მასტერკლასები, მოზარდებისთვისაც და დიდებისთვისაც.

– ჩემს შვილსაც სიამოვნებით მოვიყვნდი მსგავს მასტერკლასზე, დეტალებს მოგვიანებით გამოგკითხავთ და სიამოვნებით გეწვევეით. მხატვრობით ძალიან დაინტერესებულია და მგონია, რომ თქვენთან ძალიან მოეწონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g