LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღა – რჩევები პრაღაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

391

მაგიური და ზღაპრული პრაღა თავისი ბოჰემური მომნუსხველობით სამუდამოდ რჩება ნებისმიერი ადამიანის გონებასა და გულში.

ჩეხეთის დედაქალაქი ვლტავას ორივე ნაპირზეა გაშენებული. ქალაქი გადაჭიმულია ხუთ ბორცვზე, რომელსაც მდინარე 8 კუნძულად ყოფს.

ძველ დროში პრაღა პოლიცენტრული იყო. თითქმის ერთდროულად წარმოიქმნებოდა რამდენიმე დასახლება, ისინი დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ და მხოლოდ ახალ დროში დაიწყეს პაზლების მსგავსად მათი ერთ მთლიანობაში მოქცევა.

 

როგორ მივიდეთ პრაღის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

 

სტარე მესტო – Stare Mesto

პრაღის ერთ-ერთი პირველი ისტორიული და მნიშვნელოვანი რაიონი. ერთ დროს ის დიდი ბაზრობა იყო. როგორც ასეული წლების წინ ახლაც ყველაზე გაცხოველებული ადგილი სტარე მესტოს მოედანია.

ეს შენობა-ნაგებობების და არქიტექტურული ძეგლების მთელი კომპლექსია, რომელშიც სხვადასხვა სტილი ერწყმის: გოთიკური, რენესანსი, ბაროკო, როკოკო. მთავარი აქ რატუშაა. ტურისტები სწორედ ამ კოშკისკენ მიისწრაფიან, რათა იდუმალი ღირსშესანიშნაობა იხილონ – ასტრონომიული საათი.

მოედანს ამშვენებს პრაღული გოთიკის შედევრი და საოცარი ისტორიის მქონე ტინის ტაძარი.

ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს იოზეფის კვარტალი, რომლის ტერიტორიაზეა გეტოს ნარჩენები, რამდენიმე სინაგოგა და ევროპაში უძველესი ებრაული სასაფლაო.

სტარე მესტოს სხვა ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია საზოგადოებრივი სახლი, კლემენტინუმი, კინსკის სასახლე, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, დენთის კოშკი.
მიზიდულობის ცენტრია სახელგანთქმული კარლის ხიდი, რომელიც ჩეხ მონარქებს ხალხთან ურთიერთობისას სიმბოლურ გადასასვლელად 400 წელი ემსახურებოდა.

 

ნოვე მესტო – Nové Město

მე-14 საუკუნეში იმპერატორმა კარლ IV გადაწყვიტა რა, რომ პრაღა რომის წმინდა იმპერიის რეზიდენცია გახდებოდა, ბრძანა ქალაქი გაეფართოვებინათ და ნოვე მესტოს რაიონის შექმნის ბრძანება გამოსცა, რომელსაც სტარე მესტო და სამხრეთით მდებარე ვიშეგრადი უნდა შეეერთებინა.

ქალაქის ცენტრად და მთავარ ღირსშესანიშნაობად წოდებისთვის კარლის ხიდი და ვაცლავის მოედანი იბრძვიან. ორივე მე-14 საუკუნის და ისტორიული მოვლენების მოწმეა.

ნოვე მესტოში უნდა ნახოთ საკათედრო ტაძარი, მარია ღვთისმშობლის ეკლესია და წმინდა სტეფანის ეკლესია. ტურისტებზე შთაბეჭდილებას ახდენს ნაციონალური თეატრი.
პოპულარულია ახირებული დიზაინის მქონე მოცეკვავე სახლი.

 

მალა სტრანა – Malá Strana

ახალდასახლებების მშენებლობის პარალელურად იმპერატორმა თავი დაიზღვია და მალა სტრანას მოწყობით დაკავდა, რომელიც პრაღის გრადსა და ვლტავას შორის მოექცა. მალა სტრანა პრაღის ერთ-ერთ თვალწარმატაც რაიონად მიიჩნევა.

განსაკუთრებულ ინტერესს აქ იწვევს ვალდშტეინის კომპლექსი ხუთი სასახლითა და ბაღით, ასევე ველიკოვის და სმირჟიცკის, კაიზერშტეინის სასახლეები. ამ მონუმენტალურ ნაგებობებს აწონასწორებს უამრავი ბაღი, მარტო პეტრშინის გორაკი რად ღირს, რომელიც მწვანეშია ჩაფლული.

 

გრადჩანი – Hradčany

ერთ-ერთი ისტორიული რაიონი. აქ მდებარეობს მთავარი ღირსშესანიშნაობა, მთელი სახელმწიფოს სიმბოლო – პრაღის გრადი. ციხესიმაგრე, რომელიც იყო და რჩება ჩეხი მმართველების რეზიდენციად. მე-20 საუკუნის ბოლოდან მისი კარი საზოგადოებისთვისაც გაიღო.

სავალდებულოა ნახოთ ძველი სამეფო სასახლე და წმინდა ვიტის ტაძარი. ლამაზია სამეფო ბაღი და მიმდებარე ქუჩები.

გრადჩანშია მე-12 საუკუნის სტრაგოვის მონასტერი. მისი სიამაყეა ძველი ბიბლიოთეკა, რომელიც 130 ათას წიგნს მოიცავს.

 

ვიშეგრადი – Vyšehrad

ჩეხეთის დედაქალაქის გულის სახელისთვის გრადჩანს ვიშეგრადის რაიონი ეპაექრება. მისი სავიზიტო ბარათია ამავე სახელწოდების ციხესიმაგრე. ამბობენ, სწორედ აქ შედგა პრაღის ისტორიაში პირველი კორონაცია. აქედან ქალაქზე შესანიშნავი პანორამა იშლება.

გამოირჩევა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი. ეზოშია სასაფლაო, სადაც ასობით ცნობილი მოღვაწეა დაკრძალული.

 

 

15 რამ რისი გაკეთებაც ღირს პრაღაში

ნახეთ წმინდა ვაცლავის ქანდაკების ალტერნატიული, სკანდალური ვარიანტი;

შეიძინეთ ბავშვებისთვის მარიონეტი თოჯინა;

იყიდეთ უსარგებლო, მაგრამ ბოჰემური მინის ლამაზი ნაკეთობები;

მოუსმინეთ ქუჩის მუსიკოსების გამოსვლებს;

შედით ტაძარში და იქნებ მოულოდნელად გადაეყაროთ საეკლესიო გუნდის რეპეტიციას;

მოუსმინეთ ცოცხალ კლასიკურ მუსიკას ღამის ქალაქის ქუჩებში;

ამ ქალაქში დაკარგვასაც თავისი პეწი აქვს;

ნახეთ პრაღის საათის ფიგურების შოუ;

აუცილებლად შეეხეთ ბრინჯაოს ძაღლს კარლის ხიდზე და ჩაიფიქრეთ რაც შეიძლება ბევრი სურვილი;

დააგემოვნეთ ტრდლო და ისწავლეთ რაც შეიძლება სწრაფად წარმოთქვათ „ტრდლოშნიცა“;

გასინჯეთ აბსენტის სხვადასხვა ვარიანტი და ყველაზე სწორი შეარჩიეთ;

მიირთვით ღამით ქუჩაში შემწვარი ძეხვი;

გაისეირნეთ მდინარე ვლტავაზე;

პრაღას ზემოდან დახედეთ ერთ-ერთი საჭვრეტი მოედნიდან;

და პირველი… ჩეხური ლუდი!

 

მუზეუმები

პრაღაში მრავლადაა მუზეუმი. ყველაზე დიდი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით – ნაციონალური მუზეუმია.

სხვები: ჩეხური მუსიკის მუზეუმი, მოცარტის მუზეუმი, პრაღის საქალაქო მუზეუმი, პრაღის საქალაქო გალერეა, ტექნიკური მუზეუმი, ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჩეხური მინის მუზეუმი, შუასაუკუნეების ისტორიის მუზეუმი, ჩეხური ლიტერატურის მუზეუმი. ასევე არის წამების იარაღების მუზეუმი და ეროტიკული სათამაშოების მუზეუმი.

განსაკუთრებულად უნდა ითქვას სათამაშოების მუზეუმზე (muzeum hracek).
ეს უნიკალური სათამაშოების სამეფო 1989 წელს ცნობილმა რეჟისორმა ივან შტაიგრმა შექმნა, რომელმაც ყველა დროისა და ხალხის სათამაშოების ორიგინალურ და იშვიათ კოლექციას მოუყარა თავი. ზოგიერთ სათამაშოს შეგიძლიათ შეეხოთ კიდეც, ფოტოს გადაღებაც ნებადართულია.
მუზეუმი პრაღის გრადის კომპლექსში მდებარეობს, ორიენტირად ზლატა ულიჩკა გამოიყენეთ.
ბილეთის ფასი 70 კრონაა, ბავშვებისთვის – 30 კრონა. საოჯახოს (ორი უფროსი და ორი საბავშვო) ფასია 120 კრონა.

 

CZK    10 ჩეხური კრონა     1.1670 ლარი

 

რომელი ქუჩები მიიჩნევა ყველაზე ლამაზად

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი პრაღის ყველა ქუჩა ლამაზია. და მაინც, ტურისტებში ცნობილი და პოპულარულია ცელეტნა (Celetna) სტარე მესტოში, პარიჟკა (Parizska), განუმეორებელი ზლატა ულიჩკა (Zlata ulicka) პრაღის გრადში და თვალწარმტაცი ნერუდოვას ქუჩა (Nerudova) მალა სტრანაში.

ამ ცნობილი ქუჩების გარდა სხვა არანაკლებ კოლორიტული ძველი და საინტერესო ადგილებიცაა. მაგალითად, ნოვი სვეტი (Novy Svet), ჩელაკოვსკის პარკი-ქუჩა (Celakovskeho sady) ან ულამაზესი კაროლინას ქუჩა (Karoliny Svetle).

 

 

მთელი დეკემბერი ქალაქში საშობაო ბაზრობებია. ეს სავაჭრო დახლები უგემრიელესი ტკბილეულებით, ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოებით, არომატული გლინტვეინით, სახელგანთქმული ბოჰემური მინით რაღაც ზღაპრულს წარმოადგენს.

 

 

რა ვჭამოთ

პრაღაში კარგად გიმასპინძლებენ – გარკვეული დოზით ეგზოტიკურად, ცოტა არტისტულად, წარმოუდგენლად გემრიელად და საკმაოდ მსუყედ. დიეტა დაივიწყეთ.

ყველაფერი კი რა თქმა უნდა ლუდით იწყება.

ჩეხური ლუდი – ეს დაცული გეოგრაფიული მარკაა. ასე მოხსენიების უფლება სულ რამდენიმე ბრენდს აქვს, მათ შორისაა Pilsner Urquell და Velkopopovicky Kozel.

ჩეხური კერძების მთავარი შემადგენელი ხორცია. გულიაში, ძეხვეული, იხვი, ნეკნები თაფლში, ბატკანი ლიმონში. ყველაფრის ცენტრში კი გამომცხვარი ღორის რულეტია. ხორცთან არომატული სოუსი მოაქვთ და პოპულარული ადგილობრივი დასაყოლებელი. ხორცის სიყვარულის მიუხედავად წელიწადში ერთხელ შობაზე ჩეხები მასზე უარს ამბობენ. ასეთია ტრადიცია. სუფრაზე კი უნდა იყოს – კობრი. სხვა თევზით ჩანაცვლება არ შეიძლება.

გასინჯვად ღირს არომატული ჩეხური წვნიანი.
კიდევ ერთი კერძი – მოშუშული კომბოსტო.
ტკბილეულიდან კი ჩეხები შტრუდელს მიირთმევენ.

ჩვენებურად ე.წ. კანჭის მენიუზე კი ლაპარაკიც არ ღირს.

 

 

გეყოფათ თუ არა ერთი კვირა პრაღაში

დიახაც, ერთ კვირაში პრაღაში ტურისტი ნახავს არა მარტო უშუალოდ ქალაქს, არამედ რამდენიმე ციხესიმაგრეს მის გარშემო.

პრაღა კომპაქტურია, 3-4 დღეში მრავალი საინტერესო ადგილის ნახვა შეიძლება. ერთი დღე შეგიძლიათ გამოყოთ პრაღის გრადის და მალა სტრანას სანახავად, შემდეგ სტარე და ნოვე მესტის. ცხოველების მოყვარულებს (ან თუ ბავშვებთან ერთად ხართ) შეგიძლიათ ძალიან მაგარ პრაღის ზოოპარკს ეწვიოთ (ესეც ერთი დღე).

დედაქალაქის სიახლოვეს კი არის ციხესიმაგრეები კონოპიშტე (Konopište), კარლშტეინი (Karlštejn), ჩესკი-შტერნბერკი (Český Šternberk). მოსწრებაზე რომ არ იყოთ მათ სანახავად შეგიძლიათ ცალკე დღე გამოყოთ.

სასახლეებისა და მუზეუმების დათვალიერებასაც დრო უნდა. ერთ კვირაში კი მოასწრებთ ჟიჟკოვის ლუდის მარშრუტს გაუყვეთ, დატკბეთ კრჟიჟიკის შადრევნებით, შეიაროთ ვიშეგრადში, გაისერნოთ მდინარე ვლტავაზე, ისეირნოთ ღამის პრაღაში და… ბევრი-ბევრი ფოტო გადაიღოთ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g