LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

146
irakli-garibashvili

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ღარიბაშვილის მიერ კერძო მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების შესაძლო გამოძიების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც NGO-ები ავრცელებენ.

“მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და  2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის[1]  გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და  სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის  თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს.   კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია პირველის გადაცემა – “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს  გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი  ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 

ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის მცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები