LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე.. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო“

126
ირაკლი კობახიძე, ზურა ადეიშვილი

„ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

ირაკლი კობახიძის თქმით, ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეაგირება ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არა ერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას დამატებით 2 ბრალი წაყენებული აქვს. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას, ადამიანებზე სასტიკ ძალადობას, ეს არის უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ა.შ. ეს არ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ ფაქტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყოს რეაგირება. შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკავშირდებოდა ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, ვფიქრობ, რომ სწორედ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები