LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად

85

საქართველოს ისტორიული როლის ახალ, თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობები უჩნდება – თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.

“ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში”- განაცხადა საართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის მეთაური საყოველთაო კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებას თავის ქართულ ოცნებად მიიჩნევს.

“ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.

საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითი დღე იზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი.

“სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. ჩემი ენთუზიაზმი გააათმაგა საქართველოთი დაინტერესებული ბიზნესების მოზღვავებამ. ამ ვიზიტის ფარგლებში გაცხადდა ჩვენს ქვეყანაში ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაც.

ეს მოვლენები ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. საქართველოს წყალობით, კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ “თბილისის აბრეუმის გზის ფორუმის” დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებელის მოტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g