„ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით“, – ამის შესახებ რემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა, საქართველო კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის და ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო.
„რა თქმა უნდა, ახლა ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და როგორც მოგახსენეთ, ხელშესახები შედეგები გვაქვს.
მოდით ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, მისი 45 პროცენტი უკვე შესრულებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, თან მნიშვნელოვანი. საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამიტომ, გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომსწრენი ვართ. ეს ისტორიული მომენტია.
ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების – გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა.“ – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.