საქართველო აგრძელებს თავისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და სატრანზიტო ხელშეკრულებაში ჩადებული სარგებლის მიღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კომპანია „გაზპრომთან“ არსებულ სატრანზიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„რაც შეეხება კომპანია „გაზპრომთან“ არსებულ სატრანზიტო ხელშეკრულებას, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს სატრანზიტო ფუნქციიდან და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ამის კონკრეტული თარიღი, დედლაინი და შეხვედრა დანიშნული. საქართველო აგრძელებს თავისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და, შესაბამისად, იმ სარგებლის მიღებას, რომელიც ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაშია ჩადებული”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.