პრემიერ მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება, თუმცა მან მედიასთან არ დააზუსტა, რას გულისხმობს.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ტურიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების მოლოდინები არ გამართლდა.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს და ინტერვენციას, მამუკა ბახტაძემ მიანიშნა, რომ გარკვეული ჩარევები ეროვნულ ბანკს დასჭირდება.
აქ საპანიკო არაფერია - შეფასებები ლარის კურსის გაუფასურებაზე
"ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს. როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის"
„დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ყველაზე პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან.
სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ძალიან ობიექტური, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა,“ – განაცხადა ბახტაძემ.