პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებს. ცენტრში მობილიზებულია სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარეობს მონიტორინგი და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ცენტრში სტუმრობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
როგორც ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.
პრემიერ-მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად იმყოფებოდა.