LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

82
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

„გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან.

პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთოს გენერალური მდივნის მონაწილეობას.

რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

 

mazda magti 5g