პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვს სახელმწიფო დააფინანსებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა და თქვა, რომ შესაბამისი კლინიკები უკვე შერჩეულია:
„უკვე შერჩეული გვაქვს, გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა.
ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე იქნება და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს – იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის ხარჯები.
ასე რომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ – წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ, ძალიან კარგია, რომ შევძელით და ამ მიზნით სათანადო თანხები გამოვნახეთ.
აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.