პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ამის შესახებ პრემიერმა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, „როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10%-იანი და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ გვეჩვენებინა თუ სად დგას სინამდვილეში ქართველი ხალხი”:
„ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ეს არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა.
მაგალითად, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს დღეს ქართველი ხალხის სახელით, ასევე NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში, სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც არის პოლიტიკურად მთლიანად დისკრედიტირებული ქართველი ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში და უფრო მეტი. მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და აჭარბებს 60%-ს, მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიციირების შემდეგ, ეს კანონი გაიზრდებოდა, უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი.
როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10%-იანი და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს, მე მგონი, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა თუ სად დგას სინამდვილეში ქართველი ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიციირებული, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ შეკრებაში“- განაცხადა კობახიძემ.
თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“