მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.
“საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ქვეყანაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და სიღარიბე. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე უნდა იყოს სიღარიბის დამარცხება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენს ძლიერ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული გეგმები და პროექტები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო 3 წელიწადში, რითაც ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება გადანაწილდება თანაბრად ყველა რეგიონის მიხედვით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ განვითარება შევიდეს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
