“ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდება, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.
საბანაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა დინამიკა შეფასდება.
„ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი მთავარი მიზანია ისაუბროს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე“ – აღნიშნა საქართველოს ელჩმა ვიზიტის კომენტირებისას.
მისი თქმით, მთავარი აქცენტი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შეფასებაზე გაკეთდება. საბანაძემ განსაკუთრებული ყურადღება ბელგიის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან დიდი ხანია უმაღლესი დონის შეხვედრა არ გვქონია ,“ – დასძინა მან.
ელჩის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.