“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მზად არის, მიიღოს სკანდალური გადაწყვეტილება და ორი პირობის შესრულების შემდეგ გიორგი რურუა შეიწყალოს.
მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს
ბუაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კრიტიკულ დროს პოზიტიური როლის შესრულება ვერ მოახერხა, ვაჭრობაში ჩაერთო, პირობები დააყენა და დღევანდელი განცხადებით, კომპრომისს უშლის ხელს:
“სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ასეთ კრიტიკულ დროსაც ვერ მოახერხა, რომ პოზიტიური როლი შეესრულებინა. ძალიან კრიტიკულ და საკვანძო სიტუაციაში ჩაერთო პირდაპირ ვაჭრობაში და პირობები დააყენა. მისი როლი უნდა ყოფილიყო პოზიტიური და ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ უნდა მოიცავდეს წინაპირობებს. ეს ამ კრიზის განმუხტვას ნამდვილად არ უწყობს ხელს და პროცესს ართულებს.
ჩვენ გამოვიჩინეთ კომპრომისი და ამ პროცესში მოქნილობა. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ კომპრომისს უშლის ხელს, როცა ის თავისი როლის შესრულების სანაცვლოდ პირობებს აყენებს.” – თქვა ბუაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, მიიღოს მისთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება და შეიწყალოს დაკავებული გიორგი რურუა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს შემდეგი პირობებით – თუ ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი იქნება და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.