„ვინ არღვევს კონსტიტუციას, მთავრობა თუ პრეზიდენტი? რა თქმა უნდა, მთავრობა, რომელიც პრეზიდენტს არსად არ უშვებს. დატყვევებული ჰყავთ, კავკასიელი ტყვე ქალივით არის გამომწყვდეული. იმ ფორუმზეც კი არ გაუშვეს, რომლის დამფუძნებელი და მასპინძელი თავად იყო. რას ნიშნავს ეს? მას უზღუდავენ პრეზიდენტის უფლებამოსილებას“, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის დავალებების შემსრულებელი იყო, ახლა კი ის თავის ფუნქციას ასრულებს.
„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი
მისი განმარტებით, პრეზიდენტის ოპოზიციასთან კოორდინაცია და აფილაციაც სწორედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.
„სალომე ზურაბიშვილი შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას, რასაც სამწუხაროდ, არ აკეთებდა. უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე პრეზიდენტი ფაქტობრივად იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი და ბიძინა ივანიშვილის მორჩილი პერსონა, მაგრამ უკრაინის ამბებმა რეალურად შესძინა მას წონაც და ავტორიტეტიც, რადგან ზურაბიშვილმა დაიჭირა პროდასავლური, ანტირუსული პოზიცია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატმა ათონელის რეზიდენციაში, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა. რომან გოცირიძე არ ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა მომავალში პოლიტიკური პარტია შექმნას.
„ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო წონა ბევრად მეტია ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის პარლამენტის წევრობა“. – განაცხადა დეპუტატმა.