LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა: “დროა”

92
1

პარტია “დროა” პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებზე ხელმოწერას ეხმიანება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა:

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს.

აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში “ქართული ოცნების” წახალისება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას, რომლის მიხედვითაც, „მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის”, – აღნიშნულია პარტია “დროას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და ხელი მოაწერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ასევე  “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია – პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ლოგიკურად მიიჩნევენ

mazda magti 5g