LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

120
ფორტუნა - 2023-05-10T150802.311

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება – უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

„უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.

პრეზიდენტი, კანდიდატურების შერჩევისას, ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

magti 5g