საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.
„მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-თან ინტერვიუს მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“.