პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო.
კობახიძის განცხადებით, კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის განხორციელება.
„ ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება – გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. ადამიანები, ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვევიათ ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეულ თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორციელება, თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს, საჭირო არ არის ამ კანონის მიღება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.