საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გერი ნანა კაშია და ქმრის ნათესავი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონკურსის გარეშე დანიშნენ. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2” -მა გაავრცელა.
ამ ადამიანების დასაქმებას პრეზიდენტის პრესსპიკერი მედიასთან ადასტურებეს, თუმცა ხატია მოისწრაფიშვილი განმარტავს, რომ ორივე მათგანი კანონის სრული დაცვით, არა მრჩევლებად, არამედ კონსულტანტებად დასაქმდნენ.
“ნანა კაშია გადმოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, სადაც ის 24 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიტიკურ გაყოფილებაში და გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. ის მაღალკვალიფიციური კადრია, ფლობს 4 ენას” – ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი
რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ის მანამდე “საქართველოს ლატარიის კომპანიაში” მუშაობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობა,140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.
15 თებერვალს დასრულდება რეორგანიზაციის პირველი ფაზა – ახალი საკადრო პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის, 15 თებერვლის შემდეგ კი გარეშე პირები კონკურსის გზით შეირჩევიან.