ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება. თუმცა როგორც მაჭავარიანმა აღნიშნმა, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ ზოგადად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სარეზერვო ფონდები.
„ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მიმდინარეობს იმაზე საუბარი და მსჯელობა თუ როგორ და რა სახით უნდა დარჩეს ზოგადად სარეზერვო ფონდები”,- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება.
„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები შეიცვალა, ნაწილობრივ შემცირდა კიდეც და მიგვაჩნია, რომ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ ამ სახით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს. თუმცა მე ვიცი, რომ კონსულტაციები გაგრძელდეა და რა სახით ჩამოყალიბდება ეს ნაწილი, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა იმ სახით არ უნდა იყოს და მე, როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც (ალბათ ახალს გულისხმობს) ამას აღიარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ამ მიმართულებითაც ველოდებით ხარჯების შემცირებს, და ეს მემგონი ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, იქნება ეს დანახარჯები დაწყებული შენობის შენახვით, ასევე ადმინისტრაციის და მივლინების, იქაც ადეკვატური უნდა იყოს საშტატო ნუსხა და სხვა ხარჯები. თანამშრომლებიც შემცირებაზე – შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ეს სავარაუდოა, შეიძლება თეორიაში მოიმატოს, რამდენიმე ადამიანი დააკლდეს. ეს დეტალებია, მაგრამ პრინციპი ის არის, რომ უნდა მოხდეს ხარჯების ადეკვატურობა და თანაზომადობა იმ ფუქნციასთან,რა ფუქნციაც დაეკისრება პრეზიდენტს- აღნიშნა მაჭავარიანმა.