LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პროკურატურაში მივიდა

81

პრეზიდენტის ოჯახის წევრი, მინდია გოგოჭური რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გოგოჭურის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, რაც ნებაყოფლობითია. გოგოჭური კომენტარს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. პრეზიდენტმა მაშინ არ დააკონკრეტა, ოჯახის რომელ წევრზე განახორციელეს ზეწოლა.

„ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, „რაღაცის“ იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა შსს-მ :

„შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია,“ – განაცხადა შსს-მ.

magti 5g