„ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის განცხადებით, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. მისივე თქმით, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.
სტატისტიკაზე საუბრისას იოსელიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის არაეფექტური მუშაობა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში, სადაც საქართველო თურქეთის შემდეგ, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია. ასევე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით, რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მთელი პენიტენციური სისტემის პატიმრების რაოდენობის თითქმის, 35%-ია თავმოყრილი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 დაწესებულებასაც დავამატებთ, 4 დაწესებულებაში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან სულ მცირე, 2 ახალი, საშუალოდ 500-კაციანი დაწესებულება სჭირდება. ამავე დროს, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.
ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. ძალიან ბევრი მსჯავრდებული იღებს გათავისუფლებაზე უარს, მათ შორის, ისეთ უარს, სადაც მიზეზი დასაბუთებული არ არის. დიდი ხანია ველოდებით ელექტრონული სამაჯურების სისტემის ეფექტურად ამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს, პატიმრობის პერიოდი ოჯახში გაატარონ და მსჯავრი გარეთ მოიხადონ. ასევე, ეფექტურად არ არის ამუშავებული აღკვეთის ღონისძიების დროს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, ეს იქნება გირაო, შინაპატიმრობა, თუ სხვა, რაც ასევე პატიმრების რაოდენობას განტვირთავდა. ასევე, რაც მთავარია, ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია. არადა, ეს კიდევ ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ პენიტენციური სისტემა განიტვირთოს. პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, წელიწადში რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიდა, იმდენჯერ პატიმრების რაღაც რაოდენობა შეეწყალებინა“ – აცხადებს იოსელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
იოსელიანის განმარტებით, „როგორც მარგველაშვილის პერიოდში, ასევე მანამდეც, რამდენიმე ასეულ პატიმარს იწყალებდნენ. დღეს, ეს რიცხვი რამდენიმე ათეულამდეა დასული, რაც ძალიან ცოტაა“.