პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 7 და 8 მარტის აქციების დროს, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლაზარე გრიგორიადისი, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
შეგახსენებთ, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოცხადდა – მას სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება იმავე საღამოს მიიღო.