LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

140
_zurabiSvili_15974522_1695628978

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.

„ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.

დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

magti 5g