სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშის ეტალონი საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „შავნაბადამ“ შეასრულა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისა და დროშის დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
„ძალიან საამოა, რომ დღეს, სახელმწიფო დროშის დღეს, სწორედ უჯარმის ციხეზე აღიმართა საქართველოს დროშა. უჯარმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი იყო ყოველთვის. დროშა ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად აღვმართეთ და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ და გადმოფინონ დროშები სახლებიდან. სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს“, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.