LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ: მუსლიმთა სამმართველოს შეიხი დმანისის მოვლენებზე

67
რამინ იგიდოვი

“არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო, იმედი მაქვს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა განაცხადა. 

მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ.

„ძალიან შევწუხდით აღნიშნული ფაქტით. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო.

აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა – რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში”. – აღნიშნა რამინ იგიდოვმა და დასძინა, რომ რეალური სიტუაციისა და მიზეზების გამოსაკვლევად შეხვედრები რეგიონში გაიმართა.

მისი თქმით, რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა, ადგილზე გვარდებოდა და მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაზრდილა.

“სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, რაც ხდებოდა, არც სამართლებრივ ჭრილში შეფასებულა და არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა. სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში მედიასაშუალებები არაობიექტურად აშუქებდნენ სიტუაციას ან ერთი მხარის ინტერესებს იცავდნენ, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია“. – განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე თქვა, საზოგადოების მოწოდება და სურვილი იყო, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო და შექმნილ ვითარებაში ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შერიგება იყო, რასაც გუშინ მიაღწიეს.

„ორივე მხრიდან იყო სურვილი, რომ შერიგებულიყვნენ. ეს საკითხი უნდა დასრულებულიყო, რადგან ისინი ერთად თანაცხოვრობენ, მეზობლად არიან და სურთ, მომავალში კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც აქამდე.

ინციდენტის დროს იყო ბლაგვი საგნები გამოყენებული. ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ.

პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მომავალში ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენი სურვილი და მოლოდინია, მშვიდობამ და გულწრფელმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს“, – განაცხადა რამინ იგიდოვმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე, შეთანხმებით დასრულდა.

დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ – ანდრეა ჯაღმაიძე