LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემად რჩება ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება – DRI სუს-ის ანგარიშს ეხმიანება

77
Untitled design (7)

“DRI-ი კვლავ პრობლემურად მიიჩნევს ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირებას, საგამოძიებო და, განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების მანდატის მინიჭებას სადაზვერვო ფუნქციის მქონე სტრუქტურისთვის და სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის არასაკმარის მექანიზმებს.” – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლითაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება.

2020 წელს საქართველოს მთავარ საფრთხეს კვლავ რუსული ოკუპაცია წარმოადგენდა: სუსის ანგარიში

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ანგარიშის ზოგადი ნაწილის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში წარიმართა, რაც მანკიერ და საეჭვო პრაქტიკას წარმოადგენს.

მიმართვაში, რომელშიც კვლევის ინსტიტუტი სუს-ის ანგარიშს მიმოიხილავს, ყურადღება რამდენიმე პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული:

◼  26 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ წარადგინა. საპარლამენტო კონტროლის ამ უმნიშვნელოვანესი მექანიზმის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ანგარიში უშუალოდ სამსახურის უფროსმა წარადგინოს;

◼  წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის სტრუქტურა გაუმჯობესებულია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხემ ახალ, კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს თავის ანგარიშებსა და განცხადებებში არაერთხელ უთითებდა სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შესახებ, რამაც დაუსჯელობით წახალისებული რადიკალური იდეოლოგიის ჯგუფების გააქტიურება გამოიწვია. ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული იდეოლოგიის საკანონმდებლო განმარტების არარსებობის პირობებში კი, სუს-ის მიერ დეზინფორმაციისა და ეთნიკურ და ეროვნულ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებები მიმართულია არა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების და მათი ლიდერების, არამედ კრიტიკული მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ;

◼  ანგარიშში მითითებულია, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციის არსებობა რისკის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. სუს-ის განმარტება, რომ ნებისმიერი კორუფციული დანაშაული ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს, შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში ნათლად არის ილუსტრირებული, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებისა და მისი ინტერესებისათვის.

“მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელშია, ანგარიშში არაფერია ნათქვამი უკანონოდ მოპოვებულ ფარულ სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე მიიღო.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

DRI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია:

▪ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება;

▪ სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ მკაცრი და სამართლიანი მიდგომა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ;

▪ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული იდეოლოგიის საკანონმდებლო დონეზე განმარტება და აღნიშნული იდეოლოგიის დაჯგუფებების ლიდერთა მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა;

▪ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა სრულად ან ნაწილობრივ განსაიდუმლოება;

▪ სუს-ისთვის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების ჩამორთმევა (საკანონმდებლო ცვლილებებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მხოლოდ ის საქმეები უნდა გამოიძიოს, რომლებიც თავისი არსით ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველია);

▪სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპარლამენტო ანგარიშებში ყურადღება გაამახვილოს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე, ასევე, გამომწვევ მიზეზებზე, მისი მხრიდან რეაგირებაზე და მოგვარების შესაძლო გზებზე;

▪ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშებში აისახოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რა სახით, რაოდენობით და რა მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას;

▪ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის, შემუშავდეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, არასამთავრობო სექტორისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.

magti 5g