LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ჩინურ ბაზარზე აქვთ

166

კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთში მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო. ამ პრეცედენტის თაობაზე 18 ოქტომბერს სასტუმრო “ბილტმორში” გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და ადვოკატმა დავით ასათიანმა ისაუბრეს და ქართული ექსპორტისათვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს.

“მოგეხსენებათ, „ბადაგონი“ ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე. გასულ წელს, როდესაც კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთის შესაბამის უწყებაში ბრენდის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა, გაირკვა, რომ სასაქონლო ნიშანი „ბადაგონი“ უკვე რეგისტრირებული იყო ჩინური კომპანიის სახელზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრობლემის წინაშე დგას დღეს თითქმის ყველა ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე, რაც ქართული პროდუქციის ფასზე, რაოდენობაზე და ექსპორტთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე უარყოფით გავლენას ახდენს.

კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ჩინურ კომპანიას რეგისტრაცია გაუუქმდა, თუმცა პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პროცესის მოგებას დიდწილად შეუწყო ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტისმიერ მანამდე განხორციელებულმა არაერთმა ძალისხმევამ, რომელთა შორისაა ადგილწარმოშობის დასახელებების „მუკუზანის“, „ტვიშისა“ და „ჭაჭის“ რეგისტრაცია (უკვე არაკეთილსინდისიერად რეგისტრირებული ჩინური კომპანიების მიერ).პროცესის წარმატებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასევე „ბადაგონის“ ჩინელი პარტნიორის მაქსიმალურმა ჩართულობამ.

„ბადაგონის“ მიერ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დავის მოგების საქმე ჩინეთის ბაზარზე პირველი პრეცედენტია ქართულ კომპანიებს შორის”, – აცხადებენ ”ბადაგონში”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისა და საქპატენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრეცედენტი აუცილებლად შეუწყობს ხელს ქართული ბრენდების ამ უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და შედეგად ქართული სოფლის მეურნეობისა თუ სხვა პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას, რაც საბოლოო ჯამში ქართული ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g