LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ 5-დან 3 საკითხზე ჩვენ თანახმა ვართ – „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველ წუთში იცვლება: ბადრი ჯაფარიძე

80
ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ ველოდებით პროცესის გაგრძელებას  რადგან უმნიშვნელოვანეს საკითხზე შეთანხმება არ გვაქვს, -ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა, რომ ხუთი საკითხიდან სამს დღესვე მოაწეროს ხელი.

„ჩვენ გვქონდა ყველა საკითხის განხილვა, გარდა ერთისა, რომელიც მედიატორის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე კონსტრუქციულ მსჯელობას ხელს უშლიდა, იგულისხმება რიგგარეშე არჩევნები.

დანარჩენ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა. აქედან სამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობა.

ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას, ხელისუფლების განაწილებას. ამ სამ საკითხზე ჩვენ დავეთანხმდეთ.

რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს, იყო შემოთავაზება მელიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა იყოს გამოსავალი, არ იყო საკმარისად კარგი შემოთავაზება რურუასთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ვერ დავასრულეთ.

დაგვრჩა საკითხები, რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, აქ დასასრულებელია სამუშაო და სამუშო გვაქვს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმთან დაკავშირებით. ხუთი საკითხიდან სამ საკითხზე ჩვენ დავეთანხმდეთ მედიატორის წინადადებებს და ოპოზიცია დღესვე მზადაა, რომ ამ სამ საკითხზე ხელი მოაწეროს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა უნდა დაადასტუროს, ეთანხმებიან თუ არა აღნიშნული სამი საკითხის ზუსტად იმ ფორმულირებას, რაც დოკუმენტშია აღნიშნული.

„პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ ხუთიდან სამ საკითხზე ჩვენ თანახმა ვართ.

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველ წუთში იცვლება და ვერ გაიგებ, არიან თუ არა ამ სამ საკითხზე თანახმა, მზად არიან თუ არა მიიღონ მედიატორის შემოთავაზება, ვერ გავიგეთ გარკვევით. მათ უნდა დაადასტურონ ეთანხმებიან თუ არა ამ სამი საკითხის ზუსტად ამ ფორმულირებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.