მშენებარე ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 11-13 დეკემბერს, საქართველოში Hardware&arts hackathon-ს პირველად განახორციელებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტს სააგენტო და ესტონური ჯგუფი Garage-48 ჩაატარებენ, რომელიც საქართველოში ინოვაციით ბრუნდება. მათ გამოცდილებას ჰაკათონებში საქართველოში უკვე სხვა მიმართულებით გაიზიარებენ. პროექტი განკუთვნილია მონაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია შემდეგი სფეროებით: ელექტრონიკა, მხატვრობა, დიზაინი, მარკეტინგი, ასევე ელექტრო კომპიუტერული და სისტემური დიზაინის მექანიკის მიმართულება.
”მონაწილეები პირველ ეტაპზე დაიყოფიან გუნდებად, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მოიყრის თავს და შეუდგებიან იდეების გენერირებას. მონაწილეთათვის განკუთვნილია ყველა სამუშაო მასალა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს hardware-ის გასაკეთებლად. პროექტი Hardware&arts hackathon ხელს უწყობს მონაწილეებს მოსინჯონ ძალები და საკუთარი იდეები რეალურად განახორციელონ. გუნდებს გამოცდილებას პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ, როგორც საქართველოდან, ისე ესტონეთიდან. ”- აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
მათივე ცნობით, სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კოორდინირება.
პროექტი Hardware&arts hackathon ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის გაჩენას საქართველოს ბაზარზე. ჰაკათონი არის პლატფორმა საერთო ინტერესების მქონე, მულტიდისციპლინარული გამოცდილების ადამიანების დასაკავშირებლად, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი კომპანიების შექმნაში გადაიზრდება და განსხვავებული იდეების მიღების საშუალებას იძლევა