LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრამა, რომელსაც წელს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს, მრავალფეროვანია, უამრავ კომპონენტს მოიცავს“ – პიანისტი ედიშერ სავიცკი „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე“

594
ედიშერ სავიცკი

27 მაისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ პიანისტი ედიშერ სავიცკი სტუმრობდა, რომელმაც ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის და მისი შვილის, პიანისტის და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძისადმი მიძღვნილ  „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე“ ისაუბრა. ფესტივალი 4-18 ივნისს ჩატარდება.

„წელს, 7 ივნისს, გაიხსნება ჩვენი უკვე მესამე „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“. პროგრამა, რომელსაც წელს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, ეს ფესტივალი გუგული თორაძეს და ლექსო თორაძეს ეძღვნებათ, ამიტომ ეს ფესტივალი უამრავ კომპონენტს მოიცავს, ეს არ არის მხოლოდ პიანისტებისთვის, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მხარე. ფესტივალის თანადამფუძნებლები არიან „საქართველოს კულტურის სამინისტრო“, ფონდი „ქართული გალობა“ და რა საკვირველია, „თორაძის ფონდი“. გვყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, „თბილისის მერია“, „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ და „ალაბამას უნივერსიტეტი“. გარდა არაჩვეულებრივი კონცერტებისა, რომელსაც მსმენელს ვთავაზობთ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპონენტი. 2 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა 17 სტიპენდიატი, რომელთა შერჩევაც მასტერკლასების გზით ხდება. წელსაც აუცილებლად ჩავატარებთ მასტერკლასებს, ღია გაკვეთილებს „თბილისის კონსერვატორიაში“ და ასევე რეგიონებშიც. ჩვენ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ბატონი გუგულიც და ლექსოც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთ სტუდენტებს. თავის დროზე, მეც ბატონმა ლექსომ წამიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გვინდა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, რადგან ეს ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალის პროგრამას, პირველი კონცერტი 7 ივნისს „კონსერვატორიის“ დიდ დარბაზში იქნება. იქნება ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც უკვე ჩვენი ფესტივალის ორკესტრი არის და რომელმაც შარშან და შარშანწინაც მიიღო მონაწილეობა. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ძალიან წარმატებული დირიჟორი, მირიან ხუხუნაიშვილია. სოლისტი ვახტანგ კოდანაშვილი იქნება, რომელიც შეასრულებს გოგი ჩლაიძის მიერ დაწერილ საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც ბატონ ლექსო თორაძეს ეძღვნება. ეს ნაწარმოები პირველად შესრულდება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენს ფესტივალზე მოხდება ეს.

10 ივნისს „თბილისი ოპერისა და ბალეტის“ სცენაზე იქნება კონცერტი, რომელსაც იტალიელი მომღერლები შეასრულებენ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ბანს, გიორგი ანდღულაძეს, რომელმაც შეკრა ეს არაჩვეულებრივი გუნდი, დირიჟორ კარლო მონტანაროს ხელმძღვანელობით.

13 ივნისს გვექნება კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო, სადაც მეც მივიღებ მონაწილეობას და შევასრულებთ შუბერტის საფორტეპიანო კვინტეტს. გვეყოლებიან არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები, მათ შორის, ვერიკო ჭუმბურიძე, რომელიც ძალიან წარმატებული მევიოლინეა. შემდეგ, იქნება გიორგი ლონდარიძე არაჩვეულებრივი კონტრაბასისტი, ასევე ჩვენთვის უსაყვარლესი და ძალიან ძვირფასი, ნოდარ ჟვანია (ალტი) და გიორგი ჯორჯაძე (ჩელო). მონაწილეობას მიიღებს ასევე ანსამბლი „ბასიანი“.

14-15-16 ივნისის კონცერტები რეგიონებში გაიმართება, სადაც ჩვენი, „თორაძის ფონდის“ სტიპენდიატები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ამბროლაურში, ქუთაისსა და საჩხერეში გაიმართება. ქუთაისსა და საჩხერეში მეც ჩავატარებ ღია გაკვეთილებს.

18 ივნისს იქნება დასკვნითი საღამო, რომელიც ქალბატონ ლიანა ასათიანს, ჩვენს ბრწყინვალე მსახიობს მიეძღვნება. ქალბატონი ლიანა ბატონი ლექსოს დედა და ბატონი გუგულის მეუღლე გახლდათ. საღამო „მარჯანიშვილის თეატრში“ გაიმართება და მას ნიკა წულუკიძე წარუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 4-5-11 ივნისს „თბილისის კონსერვატორიაში“ გაიმართება ღია გაკვეთილები.

მადლობა „თბილისის კონსერვატორიას“, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ძალიან გვიდგანან მხარში, უკვე მესამე წელია.

ჩვენ უკვე ვგეგმავთ შემდეგი 2 წლის ფესტივალსაც, იქნება ძალიან საინტერესო სიურპრიზები, ძალიან მნიშვნელოვანი არტისტები ჩამოვლენ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მხარში გვიდგას „ალაბამას უნივერსიტეტი“. შარშან და შარშანწინ ჩამოვიდნენ ჩემი კოლეგები, ჩაატარეს გაკვეთილები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g