LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა “ბირჟა მაფიის” საქმეზე, რეპერებს 37 ათას ლარს გადაუხდის: მუსიკოსების უფლებადამცველები

101
ბირჟა მაფია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენერალურ პროკურატურას “ბირჟა მაფიას” ერთ-ერთი წევრის, უკანონო დაკავებისთვის, პატიმრობისთვის და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ბირჟა მაფიას” წევრის, გიორგი ქებურიას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ავრცელებს, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოც ადასტურებს.

ორგანიზაცია, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ინფორმაციით, პროკურატურას გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა მოუწევს, აქედან მორალური ზიანისთვის 10 ათასი ლარი განისაზღვრა.

“საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა”, – ნათქვამია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადებაში.

ცნობისთვის, “ბირჟა მაფიას” წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

“საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბირჟა მაფიას“ წევრები – Young Mic და Kay-G (გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი) მათ დაპატიმრებას ჯგუფის მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ მათი დაკავება შურისძიების მოტივით იყო განპირობებული, ვინაიდან ვიდეოკლიპის ერთ ნაწილში პოლიციელი ძაღლს განასახიერებდა და ყელსაბამი ეკეთა.

სამოქალაქო საზოგადოებამ კი რეპერების დაკავების გამო არაერთი აქცია გამართა. აქციებზე, სახელწოდებით – “მეტი რაღა უნდა მოხდეს” “ბირჟა მაფიას” მხარდამჭერები ნარკოტიკული საშუალებების “ჩადების პრაქტიკას” და გამოხატვის თავისუფლების გამო, რეპერების დასჯას აპროტესტებდნენ.